დევიდ ლინჩი-სამყარო რომელსაც ვირჩევ

მისი თითოული ფილმი უნიკალური და დამოუკიდებელი სამყაროა, სადაც ყველაზე უცნაური არსებები ცოცხლდებიან, მისტიკურ-დეტექტიური ისტორიები თავბრუს ახვევენ და აბნევენ  მაყურებელს… რთულია, გენიოსის ტვინში შექმნილ და შემდეგ კინოში გადატანილ გროტესკულ სამყაროში არ დაიკარგო და ერთხელ მოგზაურობის შემდეგ კვლავ და კვლავ დაბრუნების სურვილი არ გაგინჩნდეს. „ლინჩიანურ განზომილებაში“ ყოფნისას  ემოციას ემოცია ცვლის,  რეჟისორის ფიქრთა სვლას მიჰყვებით და იძირებით სამყაროში რომელსაც ხან „Mulholand Drive” ხანაც „Blue Velvet”  ან „Twin Peaks” ჰქვია.   კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კინოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი სიურრეალისტის, დევიდ ლინჩის სამყაროში.

david-lynch-oral-history-twin-peaks

ყველაზე გიჟურ იდეებს კინოენით აცოცხლებს და მისი ფილმების ყურებისას თითქოს ლინჩის ცნობიერების ნაკადში აღმოჩნდებით-„დღის სიზმრები ყველაზე მნიშვნელოვანია, ზოგჯერ უბრალოდ ვჯდები სკამზე, თვალებს ვხუჭავ და ჩემს გონებას სახეტიალოდ ვუშვებ. ძილში საკუთარ სიზმრებს ვერ აკონტროლებ. მიყვარს ჩემ მიერ შექმნილი ან აღმოჩენილი სიზმრების სამყაროში ჩაძირვა, ესაა სამყარო, რომელსაც მე ვირჩევ და სწორედ იქაა კინოს სიძლიერე, ხშირ შემთხვევაში სწორედ  ამ დროს იბადება იდეები“-ამბობს 71 წლის ლინჩი. ასე გაჩნდა წითელი ოთახი 90-იანი წლების საკულტო სერიალ „Twin Peaks”-ში და გოლიათის პერსონაჟი აგენტი კუპერის ოთახში. ლინჩის „სიზმრისეული ლოგიკა“ კინოში თხრობის ახალ, არასწორხაზოვან სტრუქტურას ქმნის. თხრობის მსგავს ფორმას მის საკულტო ფილმებში „Eraserhead”, „Mulholand Drive“  და „Inland Empire“ შეხვდებით. მაგიური რეალიზმის ენით ლინჩი ძალადობის, სიყვარულის, შურისძიებისა და დანაშაულებრივი საქმეების ისტორიებს გვიყვება-„იდეა წამიერად მოდის და თუ გაჩერდები და დაუფიქრდები, აღმოაჩენ რომ მას ხმა, გამოსახულება და ხასიათი აქვს. პერსონაჟის გარდერობსაც კი გიკარნახებს, იმასაც მიგახვედრებს, როგორია ეს გმირი, როგორ საუბრობს ან რა სიტყვებს იყენებს. წამიერად უამრავი რამ იბადება გონებაში“ -ამბობს რეჟისორი.

რთულია, სახელი დაარქვა განწყობას და იმ ატმოსფეროს, რომელიც ლინჩის ფილმებშია შექმნილი. სპეიციფიკური იუმორის, გროტესკული პერსონაჟების და მათი არაპრონოზირებადი ქცევების წყალობით ფილმში მოთხრობილი სიუჟეტი ხშირად ლოგიკის ჯაჭვს არ ექვემდებარება, მაგრამ ეს ხელს  არავის უშლის, ბოლომდე ისიამოვნოს ფილმის ხასიათით და მაგიური რეალიზმის ენით შექმნილი ისტორიით.

დევიდ ლინჩი ბავშობიდან ხატავდა. იხსენებს, როგორ მოჰქონდა მამას სამსახურიდან დოკუმენტების ფურცლები, რომელსაც მეორე მხარე სუფთა ჰქონდა და მას თვითმფრინავებისა და ტყვიამფრქვევების ხატვისთვის იყენებდა. ფილადელფიაში ხატვის შესასწავლად გატარებულ წლებს ყველაზე დიდ შთაგონებას უწოდებს.  საკუთარი ნახატების ამოძრავების სურვილმა პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების იდეამდე მიიყვანა. ასე შეიქმნა „Alphabet“ ლინჩის ფილმოგრაფიის ერთ-ერთი ადრეული ნამუშევარი, სადაც მთავარი როლი მისმა მაშინდელმა მეუღლემ, პეგიმ შეასრულა. ფილმის გადასაღებად საკუთარი სახლის კედლები შავად შეღება, იგივე გაიმეორა მეორე ფილმზე „The Grandmother“ მუშაობისას.

david-lynch-twin-peaks-director-meditation-meditating-tm_cr

ფილადელფიიდან ლოს-ანჯელესში, ბევერლი ჰილსზე გადაცხოვრდა და კინოსკოლაში განაგრძო სწავლა. ერთი წლის შემდეგ კი  დაიწყო პირველ სრუმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე „Eraserhead“-ზე მუშაობა. „Eraserhead“ საკულტო  ფილმია, რომელიც დისტოპიურ სამყაროში ვითარდება. წყნარი ახალგაზრდა მამაკაცი უცნაური ბავშვის მშობელი ხდება. დევიდ ლინჩის პირველი სრუმეტრაჟიანი ნამუშევარი სიურრეალიზმის კლასიკადაა აღიარებული და მას ლინჩის ერთ-ერთი უსაყვარლესი რეჟისორი, სტენლი კუბრიკი ყველა დროის ფავორიტ ფილმს უწოდებდა.

დევიდ ლინჩს მასშტაბური  სახალხო აღიარება „The Elephant Man”-მა მოუტანა. ესაა ისოტორია, რომელიც სხეულის დეფორმაციული სინდრომით დაავადებული ჯოსეფ მერიკის ამბავს ჰყვება. მას მოჰყვა სამეცნიერო ფანტასტიკა „Dune“ და „Blue Velvet”.  1990 წელს კი დევიდ ლინჩმა მარკ ფროსტთან ერთად მთელი მსოფლიო ტელევიზორის ეკრანებს მიაჯაჭვა. ათწლეულების წინ ტელეკომპანია ABC-ის აღმასრულებელი პროდუსერები დევიდ ლინჩისა და მარკ ფროსტის სცენარმა მოხიბლა და ასე დაიბადა სრულიად ახალი სამყარო სახელად „Twin Peaks”, რომელიც ერთდოულად იყო კლასიკური საპნის ოპერაც, მკვლელობის იდუმალი ამბავიც, პატარა ქალაქის საგაც და სიყვარულის ისტორიაც.

„ვინ მოკლა ლორა პალმერი“-კითხვა ისმოდა ყველგან და ისტორია აინტერესებდა ყველას. აგენტი კუპერის ისტორია პატარა ქალაქში, გასცდა ამერიკის საზღვრებს და აალაპარაკა მსოფლიო. წითელი ოთახის მისტიკა, კრიმინალური დაჯგუფებები და საიდუმლო კავშირები ორ სეზონად გაერთიანდა და საკულტო სერიალად იქცა. „Twin Peaks” -ს ბევრი ტელევიზიის ოქროს ხანის დასაწყისად მიიჩნევს. წლების შემდეგაც კი მაყურებელს ხიბლავს და ატყვევებს სიუჟეტური ხაზი, პერსონაჟების სიღრმე, მონტაჟი და განწყობა, რომელიც ლინჩმა სერიალში მარკ ფროსტთან ერთად შექმნა. მეორე სეზონის ბოლოს ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს-„შევხვდებით 25 წლის შემდეგ“ და მიუხედავად იმისა, რომ სერიალის გაგრძელება არ იყო დაგეგმილი, დაახლოებით 25 წლის შემდეგ „Twin Peaks”  სატელევიზიო სამყაროს დაუბრუნდა. დევიდ ლინჩი სერიალის მესამე სეზონს 18 საათიან ფილმს უწოდებს, რომელიც ნაწილ-ნაწილ უნდა ნახოთ და რომელიც უკვე აღიარეს 2017 წლის სატელევიზო სეზონის მოვლენად.

„Twin Peaks”-ის ყურებისას გამუდმებით ფიქრობ მის გავლენებზე და იმაზე, რომ დევიდ ლინჩმა წლების წინ გადაიღო სერიალი, რომელიც თანამედროვე ტელე-ინდუსტრიის პირველწყაროდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. სერიიდან სერიამდე გაოცებთ და გითრევთ ლინჩის სამყარო და როდესაც ამ სამყაროს შემქმნელს თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე ხედავთ, თავი მართლა სიურრეალისტურ ფილმში გგონიათ.

„Twin Peaks”-ში მისი პერსონაჟის, გორდონის მსგავსად დევიდ ლინჩსაც უყვარს ყავა, ოღონდ არა „უმთვარო ღამესავით მუქი და ძლიერი“, არამედ „ლატე“. ჟესტები კი მას და გორდონს ნამდვილად  საერთო აქვთ. საყვარელ თემებზე საუბრის დროს ცისფერი თვალები უბრწყინავს და წარმოუდგენელია, ეს აღფრთოვანება არ გადაედოს, თითების მოძრაობას თვალს ვერ მოსწყვეტ და გიჩნდება სურვილი, დევიდ ლინჩს დაუსრულებლად ელაპარაკო კინოზე, მუსიკაზე, მხატვრობაზე და ტრანსცედენტალური მედიტაციის უპირატესობებზე. ტრანსცედნეტალური მედიტაცია მედიტაციის უძველესი ფორმაა, რომელიც ლინჩმა 70-იან წლებში აღმოაჩინა-„ვფიქრობდი, რომ მედიტაცია იქნებოდა გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისკენ. უამრავი ტიპის მედიტაცია ვცადე, მაგრამ არც ერთი იყო საჩემო. ერთხელ ჩემმა დამ დამირეკა და ტრანსცენდელატურ მედიტაციაზე მიამბო, მას ხმა ჰქონდა შეცვლილი და უფრო ბედნიერი ჩანდა, ამიტომ მეც ამ ტექნიკის შესწავლა გადავწყვიტე. ამ დროს შემოქმდებითი ვიყავი, მაგრამ თვითდაჯერება მაკლდა, მუდმივ სიბრაზეს ვგრძნობდი, რომელიც ჩემს პირველ ცოლზე გადამქონდა. მედიტაციის დაწყებიდან ორ კვირაში კი თავად მკითხა, რა ხდებოდა, სად წავიდა ჩემი სიბრაზე. ეს ყველაფერი თავისით მოხდა. ცოლსაც კარგად ვეპყრობოდი და მეც უფრო ბედნიერი ვიყავი. საქმის კეთებისას კი ენერგია და ენთუზიაზმი მომეცა“-იხსენებს ლინჩი, რომელმაც 2005  საკუთარი ფონდი შექმნა, რომელიც 600000-ზე მეტ ბავშა თუ მოზარდს სტრესის დაძლევაში ეხმარება. დევიდ ლინჩის ფონდი წელს უკვე კავკასიაშიც დაარსდა და მისი მთავარი მიზანია დაეხმაროს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მაცხოვრებებს სტრესის დაძლევაში. დევიდ ლინჩთან ჩვენი ინტერვიუც ტრანსცენდენტალური მედიტაციით იწყება.

რა პერიოდი იყო თქვენს ცხოვრებაში, როდესაც ტრანსცენდენტალური მედიტაცია აღმოაჩინეთ?

ეს იყო პერიოდი, როცა ფილადელფიიდან ლოს-ანჯელესში გადავედი საცხოვრებლად, ბევერლი ჰილსზე დიდ სახლში ვცხოვრობდი. ფილადელფია ჩემთვის შთაგონების უდიდესი  წყარო იყო. ის ბნელი, გიჟური, ჭუჭყიანი, კრიმინალური და გარყვნილი ქალაქია, მაგრამ იქაური ხასიათი, ქარხნები და ატმოსფერო, ჩემთვის სამუშაოდ ფანტასტიკურ განწყობას ქმნიდა. ლოს-ანჯელესში ღამე ჩავედი. მახსოვს პირველი, რაც შევამჩნიე, იყო სინათლე. ლოს-ანჯელესი გაშლილი ქალაქია და ამ სინათლესთან ერთად ის თავისუფლების განცდას ბადებს. პირველ ფილმზე დავიწყე მუშაობა, მომცეს სამუშაო სივრცე, აღჭურვილობა, მომიწყვეს სტუდია. ყველაფერი მქონდა, რაც ვფიქრობდი, რომ მჭირდებოდა. თუმცა, როდესაც ჩემს თავში ჩავიხედე, აღმოვაჩინე, რომ იქ სიცარიელე იყო. მქონდა ყველაფერი, რაც მინდოდა, მაგრამ არ ვიყავი ბედნიერი, სწორედ ამ დროს დავიწყე მედიტაციის ძიება. ბედნიერება შენშია და ეს უნდა იპოვო, მაინტერესებდა სადაა ეს „შენში“ და ასე აღმოვაჩინე ტრანსცენდენტალური მედიტაცია, რომელიც მუშაობაში და ცხოვრების გაუმჯობესებაში დამეხმარა. ტრანსცენდენტალური მედიტაცია არც კულტია და არც რელიგია.

შედეგი მაშინვე იგრძენით თუ დრო დაგჭირდათ?

მაშინვე დამეხმარა და ძალიან მომეწონა. ტრანსცენდეტალური მედიტაცია მასწავალებელმა უნდა შეგასწავლოთ. ამას ოთხი დღე და დღეში საათნახევარი სჭირდება. მასწავლებელი მოგცემთ მანტრას, რომელიც ხმა ან ვიბრაციაა. უნდა ისწავლო მისი გამოყენება. ოთხი დღის შემდეგ გეცოდინებათ, როგორ გააკეთოთ მედიტაცია, პასუხი გაეცემა თქვენს კითხვებს და მერე მთელი ცხოვრება გეცოდინებათ ეს ტექნიკა. დილით და შუადღეს ოც-ოცი წუთით მედიტირებთ, შემდეგ კი საქმეს აკეთებთ და აკვირდებით როგორ იცვლება ყველაფერი უკეთესობისკენ, ნეგატივი ტოვებს თქვენს სხეულს და ადგილს ბედნიერებას და ჰარმონიას უთმობს.

დეპრესიისა და მღელვარების დროს ეხმარება ადამიანს?

თუ ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ხართ,  წამლებს იღებთ და ამ დროს იწყებთ მედიტირებას, უნდა იმუშაოთ ექიმთან შეთანხმებით, უნდა გააგრძელოთ მედიკამენტების მიღება. ორი კვირის შემდეგ კი ექიმმა შეიძლება უკეთესობა შეგატყოთ. ყველაფერი ჰარმონიაში მოდის და ეს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე აისახება. ამ ყველაფერზე დაკვირვება ძალიან ლამაზი პროცესია.

ჰოლივუდში და ზოგადად შოუ-ბიზნესში უამრავი სტრესია…

სტრესი ყველგანაა, მათ შორის ბავშვებიც. სკოლაში ხშირად ჩხუბობენ, მოსწავლეებს კონცენტრაცია უჭირთ, მათ უამრავ წამალს აძლევენ, რომელიც მხოლოდ ნიღბავს პრობლემებს. სწავლება არც მასწავლებლებს სიამოვნებთ. კეთილისმსურველები უამრავი იდეით გამოდიან, მოგვიწოდებენ, შევღებოთ კედლები ან ახალი წიგნები გამოვუშვათ. ტრანსცენდენტალური მედიტაცია კი მათ რეალურად ეხმარებათ. უკეთ სწავლობენ, სტრესი ქრება, სწავლის პროცესი უფრო ბედნიერი ხდება. ერთ წელში გარემო მთლიანად იცვლება. დაუჯერებელი ეფექტი აქვს და ამის ყურება ძალიან სასიამოვნოა. სკოლა ხდება ადგილი, სადაც სიამოვნებით გაუშვებთ თქვენს შვილს.

რთულია საკუთარი მანტრას პოვნა?

მას მასწავლებელი გაძლევთ. მანტრა ყველას თავისი აქვს და მისი ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლება. მანტრა ცხოვრების მხარდამჭერია, მეგობარი ხმა, რომლის გამოყენებაც უნდა ისწავლო და რომელიც საშუალებას გაძლევს, საკუთარ თავს ჩაუღრმავდე.

ხატვა  ბავშობიდან დაიწყეთ და ხშირად ხატავდით სამხედრო თვითმფრინავებს…

მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო, მაგრამ ომის განწყობა მაინც ჰაერში იგრძნობოდა.  მიყვარდა  დანების, პისტოლეტების, თვითმფრინავების ხატვა, ყველაზე მეტად კი  ტყვიამფრქვევებისა და ავტომატების ხატვა მიტაცებდა.

მშობლები გასაფერადებელ ფურცლებს არ გაძლევდნენ, რატომ?

დედაჩემმა რაღაც მიზეზით უარი თქვა, რომ გასაფერადებელი რვეული მქონოდა. ჩემს და-ძმას ჰქონდა. მახსოვს მამას სამსახურიდან ფურცლები მოჰქონდა, ერთ მხარეს დოკუმენტები იყო, მეორე მხარეს კი ცარიელი და მეც ვხატავდი. ახლა მადლობას ვუხდი დედაჩემს მოცემული თავისუფლების გამო.

ხანდახან ხატვისას ხორცსაც კი იყენებთ…

დიახ,ხორცი გამოვიყენე. ბუნება უამრავ მნიშვნელოვან რამეს გვაძლევს, იდეას, ტექსტურას… და ეს ძალიან მომწონს. ხორცი ნახატს მივაწებე, ცოტა ხანში საშინელი სუნი აუშვა, დავიწყე მარილიანი წყლის დასხმა და მალე შესანიშნავი ტექსტურა მივიღე.

როცა ფილმს არ იღებდით, ხატავდით. ხომ ასე იყო?

დიახ, მაგრამ მე ორივეს კეთება მიყვარს.

როდის გაჩნდა მოძრავი ფოტოები?

მე და ჩემს მეგობარს გვქონდა სივრცე, სადაც ვხატავდით. ამ დროს ფილადელფიაში ვცხოვრობდი. ერთხელ ღამით მარტო ვხატავდი, დავხატე ბაღი. ნახატის უმეტესი ნაწილი იყო შავი და მწვანე. მოსაწევად გავედი და ამ ნახატს შორიდან დავუწყე ყურება, უცბად ნახატიდან მომავალი ქარის ხმა გავიგონე და სიმწვანემაც მოძრაობა დაიწყო. ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არ ვიყავი, სრულიად ფხიზელი ვიყავი. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე მოძრავი ნახატი.

გაგჩენიათ სურვილი თქვენს ფილმებში შექმნილ სამყაროში აღმოჩნდეთ?

მე მინდა ჩემი ფილმების სამყაროში ყოფნა, მაგალითარ „Eraserhead“ არის ფილმი, რომლის სამყაროშიც ვიქნებოდი, თუმცა არ ვიცი, მინდა თუ არა იქ სულ დარჩენა.

სანამ კინოინდუსტრიაში წარმატებული გახდებოდით, იყო თუ არა დილემა გემუშავათ შემოსავლისთვის თუ თავი სრულად მხატვრობისთვის მიგეძღვნათ?

ჩემი მშობლები საშუალო კლასის წარმომადგენლები იყვნენ, ფინანსურად მეხმარებოდნენ, მაგრამ მეც ვმუშაობდი. მეცოდებიან ხელოვანები, რომელთაც კვირაში ხუთი დღე უწევთ მუშაობა იმისთვის, რომ მასალები შეიძინონ. მათ სახატავად მხოლოდ უქმეები რჩებათ, ხელოვანს კი სურს კვირაში ხუთი დღე ხატოს და ფულისთვის მხოლოდ ორი დღე იმუშაოს.

როდესაც სცენარს წარადგენდით ფინანსების მოპვება თუ გიჭირდათ?

რთული იყო, მაგრამ მე ვამბობ რომ ბედი დიდ როლს თამოშობს ადამიანის ცხოვრებაში. არ ვიცი, რატომ მაფინანსებდნენ, კინოში მწვანე შუქი ამინთეს, მითხრეს, მემუშავა. უამრავი ნიჭიერი ადამიანია, რომელთაც, სამწუხაროდ, უარს ეუბნებიან. მე ძალიან იღბლიანად ვთვლი თავს.

 

რას ნიშნავს თქვენთვის „Twin Peaks”?

„Twin Peaks” არის  სამყარო, ისევე როგორც როგორც სხვა ფილმები, მაგრამ განსხვავებული სამყარო.  მიყვარს „Twin Peaks“-ის პერსონაჟები, ადგილი, იდეა და საერთოდ ყველაფერი.

როდესაც მეორე სეზონი დასრულდა და ერთ-ერთმა პერსონაჟმა თქვა 25 წლის შემდეგ შევხდებითო, მაშინ იცოდით რომ გააგრძელებდით „Twin Peaks”-ის გადაღებებს?

არა, არ ვიცოდი.  ეს  ისევ  ბედის დამსახურებაა.  მე მომივიდა წითელი ოთახის იდეა, სადაც კუპერი იყო გაჭედილი.  მეორე სეზონის ბოლო ეპიზოდში ლორა ეუბნება კუპერს-„გნახავ 25 წლის შემდეგ“, მაშინ საერთოდ არ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა. ეს სცენა უფრო სიზმარს ჰგავდა და არა რეალობას.  მაგრამ ისე მოხდა, რომ თითქმის 25 წლის შემდეგ კვლავ დავბრუნდით „Twin Peaks”-ის გადასაღებად.

ძალიან ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ ,რაც „Twin Peaks“ პირველად გავიდა ეთერში და მისი ყურებისას ყოველთვის გრძნობ თანამედროვე ტელევიზიაზე მის უდიდეს  გავლენას. თქვენ თავად თუ შეგიმჩნევიათ ეს ერთგვარი „Twin Peaks“ ეფექტი?

არა, ხშირად მეუბნებიან ამას, მაგრამ მე არ შემიმჩნევია. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი არსებობს. შეიძლება, რაღაც პირველმა დაიჭირო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მაგალითად მარკონი და ტესლა, ისინი სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ ორივემ შექმნა რადიო. მართალია ეს გამოგონება ტესლას მიეწერა, რადგანაც მან უფრო ადრე მიაგნო, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ამ აღმოჩენას მარკონის მიაწერდნენ. იდეები „ჰაერშია“ და ადამიანები იჭერენ ამ იდეებს, ასე მიდის ევოლუცია. ახალი იდეები ცურავს და მათ იჭერენ იმისთვის, რომ რაღაცები წინ წავიდეს.

 საიდან მოგდით ეს იდეები?

ცხოვრებიდან და ძალიან ცოტა სიზმრებიდან. მე მიყვარს „სიზმრის ლოგიკა“, იდეა შეიძლება ნებისმიერ დროს მოგივიდეს. მიყვარს დღის ზმანებები და ხანდახან მინდა, რომ იდეა მომივიდეს, უკვე შემდეგ ეს სურვილი თევზაობას ჰგავს. გადააგდებ ანკესს და იჭერ რაღაც იდეებს, ამას კი ძლიერი სურვილი აკეთებს.

რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გადასაღებ მოედანზე  ყველაფერი ისე იყოს, როგორც ეს სცენარის წერისას წარმოგედგინათ თუ მიდიხართ რაღაც დათმობებზე?

ეს უაღრესად მნიშვნელოვანია და ზოგჯერ ისე ხდება, რომ რომ ფილმი ზუსტად ისეთია, როგორც გონებაში დაბადებული იდეა იყო. მაგრამ თუ კონკრეტულ გადასაღებ მოედანს ეძებ და მას ვერ პოულობ, მაშინ ვიწყებ მაქსიმალურად მიახლოვებული ადგილის ძიებას. გარემოს შესაქმენალდ შეიძლება განსხვავებული ავეჯის ან ნივთების შეტანა, მაგრამ ამ შემთხვევაში იდეა იგივეა, მაგრამ სურათი არ გამოდის ისე, როგორც ჩაფიქრებული გქონდა.

ამბობთ რომ სერიალებში „Breaking Bad“ მოგწონთ…

„Breaking Bad“ პერსონაჟების გამო მომწონს. არაჩვეულებრივი და ძალიან ძლიერი პერსონაჟებია შექმნილი.

როგორც ვიცით, საქართველოში კინოსკოლის შექმნასაც აპირებთ…

საქართველოში გიგა აგლაძესთან ერთად ვმუშაობ. გიგა იქნება სკოლის ამბებში ჩართული. ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შეეძლებათ აქ ჩამოსვლა. საქართველო კარგი ადგილია კინოფესტივალის დასაარსებლადაც. ქართულ კინოზე და მის ტრადიციებზე ფედერიკო ფელინიც კი საუბრობდა. ასე რომ, საქართველო კინოხელოვნებისთვის ნამდვილად იდეალური ადგილია.

სტატია ჟურნალი ბომონდის დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

ავტორი: რუსკა გიორგაძე

 

 

 

Leave a comment