კინოს იტალიური რივიერა-ვენეციის 74-ე კინოფესტივალი

                საინტერესო პროგრამით დატვირთული კინოფესტივალი მომაჯადოვებელ კუნძულს გავს, რომელიც თავის სილამაზით გხიბლავს  და გარესამყაროს არსებობას გავიწყებს. ვენეცია ყოველწლიურად  სწორედ ასეთ კინოფესტივალს მასპინძლობს და ის რეალურადაც კუნძულზე იმართება.  ყოველი წლის აგვისტოს მიწურულს ვენეცია რამდენიმე დღით მსოფლიო კინოინდუსტრიის ცენტრი ხდება. კუნძულ ლიდოზე მოწყობილი „Palazo Del Cinema“ მსოფლიოს საუკეთესო რეჟისორებს, ტიტულოვან მსახიობებს, ოპერატორებს,  პროდუსერებსა  და მათ უახლეს ნამუშევრებს  მასპინძლობს.  ფილმების ჩვენება რამდენიმე  დარბაზში ერთდოულად მიმდინარეობს და იქ ჩასული კინომანებიც დილემის წინაშე დგებიან-რომელი სეანსი აირჩიონ.  ჟიურის წევრებს, კრიტიკოსებს და კინომოყვრულებს შანსი აქვთ ერთი დღის განმავლობაში რამდენიმე  ფილმი ნახონ. ერთ ფილმს და მისგან გამოწვეულ ემოციას მალევე მეორე ცვლის. კინოფესტივალზე მუშაობა სფეროს პროფესიონალებისთვის დამღლელი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო პროცესია.

ვენეციის რიგით 74-ე კინოფესტივალი 30 აგვისტოს ოსკაროსანი რეჟისორის ალექსანდრ პეინის უახლესი ნამუშევრით „Downsizing”-ით გაიხსნა. მასში  მთავარ როლებს მეთ დეიმონი, ქრისტოფ უოლცი და კრისტენ უიგი ასრულებენ.  რა  მოხდება, თუ პლანეტაზე არსებული  მოსახლეობის სიჭარბით გამოწვეულ პრობლემებს მეცნიერები ადამიანების დაპატარავებით გადაჭრიან?!  სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ცდა უნდა ჩატარდეს. ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებას  სტრესული ყოფისგან გადაღლილი ცოლ-ქმარი გადაწყვეტს, მინიატურული ზომებით მინიატურულ საზოგადოებაში ცხოვრება მათ საინტერესო თავგადასავლს უმზადებს.

ფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელი მსაიხიობი ანეტ ბენინგი იყო,  საუკეთესო ნამუშევრების შერჩევაში მას ინგლისელი რეჟისორი ედგარ რაითი, მექსიკელი მსახიობი მიშელ ფრანკო, უნგრელი რეჟისორი ინდიკო ეიედი, ფრანგი მსახიობი ანა მუგლალისი,  ავსტრიელი კრიტიკოსი დევიდ სტრატონი, ტაივანელი რეჟისორი ინონფანი და იტალიელი მსახიობი ჯასმინ ტრინკა ეხმარებოდნენ.

ვენეციის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა წელს ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მთავარი პრიზისთვის, „ოქროს ლომისთვის“ წელს გილიერმო დელ ტორო, აბდელტიფ კეშიშე, ჯორჯ კლუნი, ფრედერიკ ვაისმანი, ალექსნდრ პეინი, მარტინ მაკდონაჰი და დარენ არონოვსკი იბრძოდნენ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.  არონოვსკის უახლესმა ნამუშევარმა „Mother!“ . არონოვსკი პროვოკატორი კინოვირტუოზია, რომელიც არ ქმნის ფილმებს იმისთვის, რომ თავი კარგად გაგრძნობინოთ ან სამყარო უკეთ დახატოს. ის იღებს ღრმა და კომპლექსურ დრამას, რომელიც დიდი ხნით ჩაგაფიქრებთ, გამონაკლისი არც ამ შემთხვევაშია. არონოვსკის უახლეს ნამუშევარში  ორი ოსკაროსანი, ჯენიფერ ლოურენსი და ხავიერ ბარდემი თამაშობს, მათ  პარტნიორობას  უწევენ ედ ჰარისი და მიშელ პფაიფერი   ფილმში ხავიერ ბარდემის პერსონაჟი ქარიზმატული და მომხიბლავი პოეტია, რომელიც ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად  ქალაქგარეთ  ლამაზ სახლში ცხოვრობს. ერთი შეხედვით სამოთხის მსგავსი, იდეალური და თანამედროვე სამყაროს „გაჯეტებისგან“ თავისუფალი ცხოვრება, მოულოდნელი სტუმრების გამოჩენით  იცვლება და იდილიაც სამუდამოდ ირღვევა. ფილმის გმირები და მათი ცხოვრება აუცილებლად გაგახსენებთ ბიბლიურ პერსონაჟებს, რეჟისორის ჩანაფიქრიც ასეთია. „Mother!“  თანამედროვე ყოფის ბიბლიური ალეგორიაა, რომელიც პოლანსკის «როზმარის» ჩვილიდან აღებული პასაჟებით შეიქმნა. „Mother!“-ს კრიტიკოსთა ნაწილი შედევრს უწოდებს, ნაწილი კი მას ქაოტურ არეულობად აფასებს.

 

დიდი განხილვა მოჰყვა გილერმო დელ ტოროს ფილმსაც, რომელიც კინოფესტივალის ჟიურის რჩეული  გახდა, მთავარი პრიზი „ოქროს ლომი“ სწორედ  დელ ტოროს გადაეცა. „The Shape of Water” რომანტიკული ფანტასტიკაა სალი ჰოუკინსით მთავარ როლში. ფილმში სიუჟეტი 1962 წელს სახელმწიფო ლაბორატორიის მარტოხელა დამლაგებლის გარშემო ვითარდება, რომელიც ამფიბიის მაგვარ ქმნილებას პოულობს და მათი მეგობრობის ისტორია იწყება.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მარტინ მაკდონაჰის  შავი კომედია “Three Billboards Outside Ebbing, Missouri” ფრენსის მაკდორმანდით მთავარ როლში. ფილმის სიუჟეტი ამერიკის სამხრეთში ვითარდება და გვიყვება ქალზე, რომელიც ბილბორდებს აკრავს, სლოგანებში კი პოლიცისგან  მისი ქალიშვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს, მაგრამ მათი უმოქმედობის შემხედვარე ხვდება, რომ თავად უნდა იმოქმედოს. ძალადობა წარმოშობს ძალადობას და რეჟისორიც კაცობრიობის ყველაზე ბნელ მხარეებს გვაჩვენებს. ფრენსის მაკდორმანდი საკმაოდ რთულ პერსონაჟს შთამბეჭდავად თამაშობს,  მას პარტნიორობას ვუდი ჰარელსონი და სემ როკუელი უწევენ.

სკანდალური ფილმის “Blue Is the Warmest Colour”-ის შემქმნელმა აბდელატიფ კეშიშემ  2017 წელს  გადაიღო ფილმი ახალგაზრდა  მორცხვი აფრიკელი მამაკაცის შესახებ,   რომელიც ზაფხულს საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქში ატარებს, სადაც ახალგაზრდა  ლამაზმანები ცხოვრობენ. „Mektoub, My Love: Canto Uno”  მზის, სიცოცხლით ტკბობის და სიყვარულისადმი მიძღვნილის ჰიმნია, რომელიც ეკრანებზე სამი საათის განმავლობაში გრძელდება. მართალია კეშიშე კრიტიკოსების ფავორიტი რეჟისორია, მაგრამ მისმა ახალმა ნამუშევრმა საყოველთაო აღფღოვანება ვერ დაიმსახურა,  „Mektoub, My Love: Canto Uno”  -ს მარტივი და ერთგანზომილებიანი ფილმი უწოდეს.

რომანტიკული თრილერი “Racer and the Jailbird” ადელ ექზარქოპულოსით მთავარ როლში ვენეციის კინოფესტივალის არასაკონკურსო ფილმების კატეგორიაში აჩვენეს  და ის კრიტიკოსების ფავორიტია. მაიკლ როსკამის ფილმი მრბოლელისა და მისი მძარცველი საქმროს გარშემო ვითარდება. დონამიური და დაძაბული, ჟანრის ყველა ელემენტით-ასე აფასებენ “Racer and the Jailbird”-ს კრიტიკოსები. სტივენ ფრირზმა კი  დედოფალი ვიქტორიასა და მისი ერთგული ინდიელი დამხმარის ისტორია ფილმად აქცია. „Victoria &Abdul” -ში მთავარ როლს ვეტერანი ბრიტანელი მსახიობი ჯუდი დენჩი თამაშობს. სტივენ ფრირზი ცდილობს დედოფლისა და მისი მსახურის ურთიერთობის   ფონზე კოლონიური წყობა გააშარჟოს , მაგრამ ფილმს მაინც მისთვის დამახასიათებელი კლასიკური ელფერი გასდევს.

არასაკონკურსო პროგრამაში აჩვენეს ამერიკელი რეჟისორის ჯეიმს ტობაკის “The Private Life of a Modern Woman” სიენა მილერით მთავარ როლში. ისტორია ვითარდება  ქალის გარშემო, რომელმაც მეგობარი მამაკაცი მოკლა. ამის   შემდეგ მის ცხოვრებაში სიცოცხლის  არსზე მოსაუბრე სხვადასხვა ადამიანი ჩნდება.  როგორც კრიტკოსები ამბობენ, ფილმი  საკმაოდ მძიმე სანახავია, თუმცა მასში შემავალი დიალოგები ნამდვილად საინტერესოა.

დიდ იმედგაცრუებად შეაფასეს ჯორჯ ქლუნის “Suburbicon”, რომელიც რეჟისორად ქცეულმა მსახიობმა ჯოელ და ეთან კოენებთან ერთად დაწერა. ფილმის სიუჟეტი 50-იან წლებში  ვითარდება. სუბურბიკონი მშვიდი ქალაქია, სადაც ყველა თანაბრად ცხოვრობს, თუმცა ერთ დღესაც აღმოჩნდება რომ მისი მოსახლეობა არც ისეთი სრულყოფილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ფილმი თავისი სტილით, განწყობით, იუმორითა და გადაღების მანერით  ძმები კოენების ხელწერას მოგაგონებთ.

ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმებთან ერთად საუკეთესო მსახიობებიც გამოავლინეს. საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მიიღო  71 წლის ინგლისელმა მსახიობმა შარლოტა რემპლინგმა ფილმ „Hannah”-ში შესრულებული როლისთვის, საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ქამელ ელ ბაშა გახდა ფილმიდან „The Insult”. ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა ვარვიკ ტომსონის ნამუშევარმა “Sweet Country”. მარჩელო მასტროიანის პრიზი კი ჩარლი პლამერის ფილმს “Lean on Pete”-ს გადაეცა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო წელს Palazzo Del Cinema-ს წითელი ხალიჩა სადაც ევროპული თუ ამერიკული კინოს ვარსკლავები ბრწყინავდნენ.  მათ შორის: ჯენიფერ ლოურენსი, მიშელ პფაიფერი, დაიან კრუგერი, კირსტენ დანსტი, სიუზენ სარანდრონი, ჰელენ მირენი, ზოე კრავიცი, ჯორჯ და ამალ  ქლუნები  და პენელოპე კრუზი ხავიერ ბარდემთან ერთად. ვენეციის რიგით 74-ე კინოფესტივალი 9 სექტემბერს დაიხურა და ცერემონიას იტალიელი მსახიობი ალესანდრო ბორგი უძღვებოდა.

ავტორი:რუსკა გიორგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s